მუნიციპალიტეტს არ აქვს რესურსი, რომ გააუქმოს, გამოისყიდოს ყველა შეუსაბამო პროექტი - მირიან მეტრეველი

01 თებ 2020

ბათუმს გენერალური გეგმა, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში ექნება - ამის შესახებ ბათუმის  მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გუშინ „მთავარში“ განაცხადა.

მირიან მეტრეველის განმარტებით, კონკურსი მომავალ თვეში გამოცხადდება, შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისაგან იქნება დაკომპლექტებული.

მისივე თქმით, გეგმის დამტკიცებამდე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეუძლია მერიას  წარუდგინოს შუალედური დოკუმენტი, რომლითაც გარკვეულ უბნებში შეიზღუდება მშენებლობის ნებართების გაცემა.

''საკონკურსო დოკუმენტაციაში ჩადებულია შუალედური დოკუმენტაცია, რაც უნდა მოგვაწოდოს გამარჯვებულმა კომპანიამ. თუნდაც დროებითი განაშენიანების შეზღუდვის დოკუმენტი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. კონკურსის გამოცხადებიდან უახლოეს ორ თვეში. ამ შემთხვევაში შეიძლება ამ დოკუმენტით შეიზღუდოს გარკვეულ უბნებში მშენებლობის ნებართვის გაცემა''-განაცხადა მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა.

მირიან მეტრეველი ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს იმის ბერკეტი და რესურსი, რომ გააუქმოს, გამოისყიდოს ყველა შეუსაბამო პროექტი და შეცვალოს ისინი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე აქედან გამომდინარე, მოერგება თუ არა გაცემულ ნებართვებს გენერალური გეგმა,  მირიან მეტრეველი პასუხობს, რომ გენერალური გეგმა მოერგება იმას თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და არა გაცემულ ნებართვებს.