განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნულ ინტერესებთან და ეკონომიკასთან ვერ ვხედავთ - თორნიკე რიჟვაძე რუსულ ინვესტიციაზე

28 იან 2020

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. ბათუმელების ჟურნალისტის კითხვაზე რამდენია აქედან რუსული ინვესტიცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა ამბობს რომ რაღაც ნაწილი არის. 

ხედავს თუ არა საფრთხეს მთავრობა, როცა უცხოური ინვესტიციების დაახლოებით ნახევარზე მეტი რუსულია? – ჰკითხა თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტმა. 

„ეს არ არის სწორი. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ფორმატში, ამ კონტექსტში გამიჭირდება გიპასუხოთ და გამოგყვეთ მსჯელობაში…

რა თქმა უნდა, ნაწილი არის, მაგრამ იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე თქვენ დაასახელეთ. შესაძლოა იყოს თუნდაც იგივე შესაბამისი მყიდველები რუსეთიდან, მაგრამ ჯამში ეს არის საკმაოდ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნულ ინტერესებთან და ეკონომიკასთან ვერ ვხედავთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნახევარზე ბევრად ნაკლებია. რაც შეეხება საფრთხეს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ეს სხვა ფორმატში განსახილველი საკითხია.

''არ მინდა რომ ამაზე სპეკულაციები იყოს. ამოცანა ხომ ის არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, უნდა გვყავდეს რეპუტაციული ინვესტორები რეგიონში, ეს ყველაფერი კი სახეზეა. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ინვესტიციებთან და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ეს პოლიტიკური განსჯის საგანი გახდეს. ძალიან სიფრთხილით უნდა მოვექცეთ ყველანი ან საკითხს'' - უთხრა ჟურნალისტებს მთავრობის თავმჯდომარემ.

ბოლო პერიოდში ბათუმში ათობით მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა. კომპანიები ბინებს აქტიურად ყიდიან რუსეთსა და უკრაინაში. 

ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტი უძრავი ქონება უცხოელებს შორის რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს (40%), ნათქვამია მიგრაციის საკითხებში სამთავრობო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებში. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 ათასზე მეტი სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდეს.