დააკავეს სამი პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს ძალავდნენ

18 იან 2020

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.