გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

09 იან 2020

სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში 2250 ლარით დააფინანსებს.

საუბარია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოყო.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: რუხი, რიყე და ხურჩა) სტუდენტები.

პროგრამას სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს.