სამხრეთ ოსეთის ე.წ უშიშროების კომიტეტის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილმა ანატოლი ბიბილოვს შეწყალების თხოვნით მიმართა

28 დეკ 2019

სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა, რომელმაც იგი შეიწყალა. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დროს ვაჟა გაფრინდაშვილი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობდა, პატიმრობაში ყოფნის დროს კი წესებს იცავდა.

"სასამართლო სხდომის დროს მან ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებით გამოწვეული უხერხულობის გამო.
განაჩენის გამოტანის შემდეგ გაფრინდაშვილმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, ეს კი დანაშაულის აღიარების და სინანულის მტკიცებულებაა.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საზღვრის არალეგალური გადაკვეთა მსჯავრდებულმა პირველად დაუშვა და არ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი რესპუბლიკის უსაფრთხოებას პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო"- წერია სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.