მიეცი თავისუფლების სიგნალი ვაჟა ექიმისთვის - 29 დეკემბერს საავტომობილო სიგნალების აქცია იგეგმება

26 დეკ 2019

ოკუპირებულ ცხინვალის მიერ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, 29 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით აქცია იგეგემება - მიეცი თავისუფლების სიგნალი.

აქციის ორგანიზატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაკავებული ექიმის ოჯახის წევრები არიან.  29 დეკემბერს საქართველოსა და საზღვარგარეთ, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების სიგნალი გაისმება - იდეის ორგანიზატორები და მოხალისეები ერთდროულად, 19 საათზე საავტომობილო სიგნალებით გააპროტესტებენ მის დაკავებას.

”ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი - თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო. გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო“, - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე. 

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა, 20 დეკემბერს კი ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით წელიწადი 9 თვე მიუსაჯა, საზღვრის დარღვევისთვის.

ექიმის გასათავისუფლებლად საჭირო იყო, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში გადასვლის დროს, საზღვრის დარღვევა ეღიარებინა. ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.