28 ნოე 2019
პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური და მედიაში გავრცელებული კომენტარების მიხედვით მთავარი განსახილველი თემა ამ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო.
„ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება,“- განუცხადა ჟურნალისტებს რუსმა დიპლომატმა - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მხარეები დახურულ კარს მიღმა თითქმის სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ.
კარასინის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველ რიგში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კი კარასინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე ისაუბრა. აბაშიძის განმარტებით, რუსეთში რეისების აღდგენაზე ფიქრობენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება.