11 ნოე 2019
ახალ ბულვარში, ხიმშიაშვილის ქუჩის #13 მოპირდაპირედ, ზღვაში შეჭრილი პირსს შპს "ეი აი ეს გრუპი" 2 წლის განმავლობაში უნებართვოდ იყენებდა. კომპანიასთან ერთად, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 444 კვადრატული მეტრის პირსს ფიზიკური პირიც იყენებდა, რომელსაც კაფე-ბარი ჰქონდა მოწყობილი - ფაქტის შესახებ აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც 3 დღის წინ გამოქვეყნდა.
როგორც აუდიტორები წერენ, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა მერიისგან კომპანიას არ ჰქონია, მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა ტერიტორიის უკან დაბრუნება და კანონიერად, სხვა კომპანიისთვის იჯარით გადაცემა.
აუდიტორი წერს, რომ მერიამ ტერიტორიის იჯარით გასაცემად 2018 წელს აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია "სანტორინომ" გაიმარჯვა და მზად იყო 1,126,000 ლარი გადაეხადა. თუმცა ხელშეკრულება ვერ შედგა, რადგან "ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა, რაც გახდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი" - წერია დასკვნაში.
აუდიტორები იმასაც წერენ, რომ მერიამ ტერიტორიის დატოვება კომპანიასაც და ფიზიკურ პირსაც წერილობით მოთხოვა, თუმცა მოთხოვნის წერილი "ეი აი ეს გრუპს" ორი თვის შემდეგ, ხოლო ფიზიკურ პირს 8 თვის შემდეგ ჩააბარა, მაშინ როცა მერიაში აუდიტი შევიდა.
წერილში, რომელითაც მერია უკანონოდ ტერიტორიის მფლობელებს
მერიამ 2018 წლის 6 აგვისტოს შპს „ეი აი ეს გრუპისგან“, ხოლო 2018 წლის 8 ოქტომბერს ფიზიკური პირისგან მოითხოვა 2017 წლიდან თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლება და საიჯარო თანხების გადახდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებული მოთხოვნები იურიდიულ პირს − ორი თვის დაგვიანებით, ხოლო ფიზიკურ პირს − რვა თვის დაგვიანებით, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ჩაბარდა.
გვიან ჩაბარებულ წერილით, მერია ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომელსაც უკანონოდ ჰქონდათ მათი ქონება დაკავებული, ტერიტორიის დატოვებას და გამოყენებული ქონების იჯარის გადახდას სთხოვს.
"აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალიტეტის ქონების უნებართვოდ გამოყენება გრძელდებოდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, საიჯარო გადასახადის სახით, მერიის დაკისრებული თანხებიც არ არის გადახდილი. შედეგად, ბიუჯეტმა არანაკლებ 1,126,000 ლარის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა" - წერს აუდიტი.