რ2 გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჯერ სასამართლოდან დოკუმენტები არ მიუღიათ

21 ოქტ 2019

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, რომლითაც ისინი ტელეკომპანია რუსთავი2 წილების 60%-ის  დაბრუნებას ითხოვენ. ეს წილები ამჟამად ქიბარ ხალვაშის სახელზეა რეგისტრირებული. მას შემდეგ, რაც მივიღებთ შესაბამის დოკუმენტებს, განვახორციელებთ შესაბამის მოქმედებებს" - სასამართლო გადაწყვეტილებაზე კომენტარი, რუსთავი2 გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა. 

დღეს, 21 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ''რუსთავი 2''-ზე დავა ხელახლა დაიწყება. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ხოლო მომჩივნების შუამდგომლობის საფუძველზე, ტელეკომპანიის 60% დააყადაღა. 

სარჩელი ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა შეიტანეს. 

''სასამართლოს ვთხოვეთ, რომ სადავო 60%-ზე დაედოთ ყადაღა. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა'' - განაცხადა აქიმიძემ. 

არხის თანადამფუძნებლების მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც ტელეკომპანიის მესაკუთრეა, ასევე პაატა კარსანიძე - ოფიციალურად, სწორედ, მან შეიძინა 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის წილი და ერთ დღეში გაყიდა.

„სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა რუსთავი 2 თავის თანადამფუძნებლებს დაუბრუნდება“ - არხის თანადამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება.