„თვითნებობა და უკანონობა- „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყინწვისზე

10 აგვ 2019

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. უწყების განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა.