ბათუმში სუმოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

04 ივლ 2019

ბათუმის სპორტის სასახლეში 6 ივლისს, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.

შეჯიბრი პირველი ქართველი სუმოისტის ლევან ცაგურიას (კოკკაი) სახელობისაა, რომელიც ამჟამად საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტია. ტურნირი კი საქართველოს სუმოს ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ტურნირზე მოწვეულები არიან, იმ ქვეყნების სუმოისტები, რომელთაც აქტიური ფედერაცია აქვთ - პოლონეთი, უნგრეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ინდოეთი, რუსეთი და იტალია.

შეჯიბრება 10:00 საათზე დაიწყება, დასწრება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტურნირის მხარდამჭერია. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას, ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე ლაივრეჟიმში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.