07 მაი 2019
ბათუმის ისტორიულ კონცხზე, რივიერას ექვსი ცათამბჯენის მშენებლობისთვის, გენერალური განაშენიანების გეგმის დამტკიცებისთვის, კომპანიას ბათუმის მერიისთვის მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს.
„სილქ როუდ ჯგუფს“ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების პაკეტი ბათუმის მერიიდან გაუგზავნეს. მოსთხოვეს, რომ რივიერას განაშენიანების ალტერნატიული გეგმა წარმოედგინათ, სადაც უფრო მეტი თავისუფალი სივრცე იქნებოდა დატოვებული.
„როდესაც გაიგზავნა შენიშვნები, როგორც სააგენტოს, ასევე ჩვენი მხრიდან, აღარ შემოუტანიათ დაზუსტებული ვარიანტი. არც ექვს და არც არც შვიდ ცათამბჯენზე“ - აცხადებს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი.
მერიამ კომპანიას დამატებით მოსთხოვა, წარმოადგინოს კულტურული მემკვიდრეობის ანალიზი, გეოლოგიური დასკვნა და ფოტომონტაჟები, თუ როგორ გამოჩნდებოდა განაშენიანებული რივიერა, ძველი ქალაქიდან და ასევე ქალაქის შემოსასვლელიდან.
''მოვითხოვეთ გეოლოგიური დასკვენები. როგორც იცით პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ყურის გაკეთებას იახტკლუბიდან. ასევე, იყო მოთხოვნილი როგორ იქნებოდა შენობები განთავსებული ამ სივრცეში. რადგან, კომპანიამ საზოგადოებისთვის პროექტის პრეზენტაციები გააკეთა და ამ ყველაფერზე მიდიოდა ჩხუბი, თუმცა ჩვენთან არ იყო შემოსული დეტალური პროექტი. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ დაზუსტებები“ - განაცხადა მირიან მეტრეველმა.
როგორც ქალაქის არქიტექტორი ამბობს, ამ დაზუსტებების მოთხოვნის შემდეგ, კომპანია მერიაში წინადადებებით აღარ შესულა. მისივე თქმით, თუ „სილქ როუდ ჯგუფი“ სახეცვლილ პროექტს შეიტანს, მერიას აქვს კანონით დაკისრებული ვალდებულება, საქმეს მსვლელობა მისცეს.
რა ეტაპზეა ძველი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი? ზონის დამტკიცება პირდაპირ კავშირშია „რივიერაზე“ 6 ცათამბჯენის მშენებლობასთან, რადგან რივიერა, სპეციალისტების კვლევით, ისტორიული ზონის შემადგენლობაში შედის. ისტორიული ზონაში კი, კონკრეტული რეგულაციები და რეჟიმები მოქმედებს, შესაბამისად სივრცის განაშენიანება მათი გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამიტომ, მოქალაქეებისა და საზოგადოება „ბათომის“ დაჟინებული მოთხოვნაა, მერიამ ჯერ დაამტკიცოს ძველ ბათუმში ისტორიული ზონა და შემდეგ იმსჯელოს რივიერას პროექტის ნებართვის გაცემაზე.
ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტი დასამტკიცებლად მერიამ 2018 წელს გააგზავნა. ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მერმა დაცვის ზონიდან ‘’რივიერა’’ (კვლევების გარეშე) ამოეღო, რასაც სპეციალისტების შენიშვნები და მოქალაქეების საპროტესტო აქციები მოჰყვა.
სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გაფართოებული სხდომა, სადაც ამ სფეროს სპეციალისტებმა ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა განიხილეს. ექსპერტებმა უარყოფითად შეაფასეს ზონიდან რივიერას ამოღება და მერიას შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს.
„სამინისტროში იყო მსჯელობა ისტორიული ზონის დამტკიცებაზე, სპეციალისტების შენიშვნების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ კონკრეტულად ვესაუბროთ იმ კომპანიას -„გეოგრაფიკს“ , რომელმაც ამ ზონის განსაზღვრაზე იმუშავა. გვაინტერესებდა რას ფიქრობდნენ მათი დასკვნების განახლების თაობაზე, ან რა დრო სჭირდება მის განახლებას. ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს დეტალური შეზღუდვების, რეგულაციების განსაზღვრა თითოეულ ქუჩაზე. ხვალ ან ზეგ ვფიქრობთ, რომ შევხვდეთ. როცა ზონა დამტკიცდება, იქ უნდა ჩანდეს დეტალურად რისი მშენებლობა შეიძლება და რისი არა, რა მასშტაბების, თითოეული ქუჩის მიხედვით. რივიერაზე უკვე არის რამდენიმე შენობა, რომელიც უფრო მაღალია, ზოგი შენობა საერთოდ არ არსებობს, ან არის ერთსართულიანი. ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით და რა ზომების შენობები უნდა აშენდეს'' -აცხადებს მირიან მეტრეველი.