საია-ს კვლევა

08 მარ 2017

საია-ს კვლევის თანახმად, 2015-2016 წლებში  მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს ხშირად ჰქონდათ ადგილი. 
   ანგარიში - “სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი”  მშვიდობიანი შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მიმოიხილავს. ის საია-ს თბილისისა და რეგიონული ოფისების წარმოებაში არსებულ 9 ეპიზოდს აერთიანებს და 38 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოიცავს. 
      შემთხვევებს შორის დასახელებულია შემდეგი მაგალითები: 2015 წლის 12 ივნისს, მოქალაქეთა ჯგუფს თბილისში, ჰეიდარ ალიევის სკვერში მშვიდობიანი შეკრების გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ; ამავე წლის ზაფხულში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სხვადასხვა ქალაქში ხელი შეეშალა აქცია-კონცერტების ჩატარებაში; 18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის Stop Russia-ს (სტოპ რაშას) დაწყებამდე აქციის ორგანიზატორებს პოლიციის თანამშრომლები კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას არ აძლევდნენ; 16 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა “ტაბულას” ხელმძღვანელი და მასთან მყოფი კიდევ ორი პირი;  2016 წლის 10 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, “თეთრი ხმაურის” მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა.  კვლევის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება ლგბტ აქტივისტებისთის შეკრების უფლებით რეალური სარგებლობა.