ბათუმის მერია ინვესტორს ეძებს

03 მაი 2018

ბათუმის მერია ინვესტორს ეძებს, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ტერიტორიაზე, ახალ, მცირე ზომის კორპუსს უსასყიდლოდ ააშენებს. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სანაცვლოდ ბაგრატიონის ქ. N127-ში  5429 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს სთავაზობს. 

დაინტერესებულმა პირმა, გადაცემულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის შენობა და ახვლედიანის  N12-ში 7 724 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, ცხრა ოჯახისთვის, საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენოს.

‘’აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მშენებლობა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაიწყოს და 18 თვეში დაასრულოს. გათვალისწინებულია სამსართულიანი სახლის აშენება მანსარდით, 10 საცხოვრებელი ფართით’’ - წერია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.

დაზიანებული სახლის დემონტაჟი იანვარში დასრულდა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა, მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო.