29 ნოე 2026, 23:46
9ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს და შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსთან“ ერთად პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს. ამის შესახებ ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლევითი კომპანია „სიგმა დოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოკითხვის თანახმად, ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს „სახალხო პარტია“ ამომრჩეველთა ხმების 32,2 პროცენტს და 129-134 საპარლამენტო მანდატს მიიღებს, რასაც ნავარაში რეგიონულ პარტიასთან საარჩევნო ალიანსით მოპოვებული კიდევ ორი მანდატი დაემატება. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია“, რომელიც ხმების 28,8 პროცენტს და 119-124 მანდატს მიიღებს. მესამე ადგილს სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ იკავებს, რომელსაც ამომრჩეველთა 16,2 პროცენტი უჭერს მხარს. გამოკითხვის თანახმად, პარტია პარლამენტში 44-48 მანდატს მოიპოვებს. 2023 წლის არჩევნებზე „ვოქსმა“ 33 მანდატი მიიღო. ამრიგად, მემარჯვენე ძალებმა შესაძლოა, პარლამენტის ქვედა პალატაში 175-184 მანდატი მოიპოვონ. აბსოლუტური უმრავლესობისთვის 176 მანდატია საჭირო.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სოციალისტებსა და მათ პოტენციურ მოკავშირეებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობა სავარაუდოდ აღარ ექნებათ. ამასთან, მემარცხენე პარტია „პოდემოსი“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 0,7 პროცენტი მიიღო გამოკითხვის მიხედვით, შესაძლოა, პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე დარჩეს.
კვლევა 13-28 ნოემბერს ჩატარებულ 19 500 სატელეფონო ინტერვიუს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის არც ეგზიტპოლის და არც ხმების ოფიციალური დათვლის შედეგები. ეს არის კენჭისყრამდე ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული პროგნოზი.
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 38,7 მილიონ მოქალაქეს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. საარჩევნო უბნები კანარის კუნძულებზე თბილისის დროით 00:00-ზე დაიხურება და ამ დროს დაიწყება ხმების დათვლის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება.
პარლამენტის ქვედა პალატა 350 დეპუტატისგან შედგება.