ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

29 ნოე 2026, 23:44

5
გაზიარება:

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციების მეორე დღეს დემონსტრაცია კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდა.

როგორც ალბანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, საპროტესტო აქცია კვლავ გადაიზარდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში.

აქციის მონაწილეები ალბანეთის დროშებითა და შეძახილებით – „ძირს დიქტატურა!“ – პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ. თავდაპირველად აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები კი სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს, პიროტექნიკასა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, კეტავდნენ საავტომობილო მოძრაობას და აზიანებდნენ საზოგადოებრივ ქონებას. ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მთავრობის შენობას ქვები დაუშინეს და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეღწევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ უკან დაახევინა.

ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კვირას გამართული აქციის დროს 12 ადამიანი დაშავდა, შაბათს კი დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. მათგან ბევრმა დაზიანებები რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად მიიღო.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ, სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს.

ცნობისთვის, ალბანეთში საპროტესტო აქციები მაისიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად დემონსტრანტები ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე ძვირადღირებული კურორტის მშენებლობას აპროტესტებდნენ, რომლის პროექტიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება. მოგვიანებით საპროტესტო მოძრაობის მთავარ მოთხოვნებად ედი რამას გადადგომა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ახალი არჩევნების ჩატარება იქცა.