29 ნოე 2026, 21:04
64ცნობილი ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის ფრიდონ ხალვაშის ნაწარმოების, "ომრის" მიხედვით ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ფილმი აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
სოფელი, ადამიანები, მოგონებები და მწერლის სიტყვები - ფრიდონ ხალვაშის ლიტერატურული სამყარო ამჯერად კინოეკრანზე გაცოცხლდა. ფილმის პრემიერა აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. "ომრი" მაყურებელს მწერლის შემოქმედებასთან ერთად იმ გარემოსაც აცნობს, რომელთანაც მისი ცხოვრება და იყო დაკავშირებული.
ფილმის რამდენიმე ეპიზოდი მშობლიურ სოფელ გეგელიძეებშია გადაღებული. დოკუმენტურ ნამუშევარში ადგილობრივებიც მონაწილეობენ. ფილმში სოფლის ყოველდღიურობა, ადამიანები და ცხოვრების ის დეტალებია ასახული, რომლებიც ნაწარმოების შინაარსს მაყურებელს უფრო ახლოს აცნობს. ფილმზე რეჟისორმა გია დიასამიძემ იმუშავა.
პრემიერას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ფრიდონ ხალვაშის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
"ეს კადრები, ეს ფილმი დარჩება მომავალს, ისტორიას ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებაზე, რომელიც თავისი მემკვიდრეობით აჭარას დიდ ქართულ ფასეულობებს აძლევს, რაც ყველასთვის ცნობილია, თუმცა საინტერესოა იმ ცხოვრებისეული ამბების კადრებად გაცოცხლება, რომელმაც შექმნა ფრიდონ ხალვაში, როგორც ყველასთვის გამორცეული ქართველი პოეტი და მწერალი", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.