29 ნოე 2026, 11:59
7„ლიკუდი“ თუ მზად იქნება ნამდვილი ერთიანობისთვის, მე მზად ვარ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში შევაფასო ნეთანიაჰუს განზრახვების სერიოზულობა, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გადი ეიზენკოტი აცხადებს.
აღნიშნული განცხადებით გადი ეიზენკოტი გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას მასთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტის როტაციული პრინციპით დაკავების შესახებ.
ეიზენკოტი ასევე აცხადებს, რომ ის ნეთანიაჰუსა და მის გუნდს შეხვედრას სთავაზობს ძირითადი პრინციპებისა და პოლიტიკური საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად. მისივე თქმით, აპირებს, მუშაობა გააგრძელოს ისრაელის ყველა მოქალაქისთვის კარგი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
„ნეთანიაჰუს და მის გუნდს ჰერცლიაში, სასტუმრო „დენ აკადიაში“ ვპატიჟებ, სადაც ჩემს მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვრჩები, რათა ძირითადი პრინციპებისა და პოლიტიკური საკითხების შესახებ ნამდვილი და დაჩქარებული მოლაპარაკებები ჩავატაროთ დეტალური წინადადების საფუძველზე, რომლებსაც ნეთანიაჰუმ ჯერ არ უპასუხა. მე ვალდებულებას ვიღებ ისრაელის მოქალაქეების წინაშე, მათ მიმართაც, ვინც არ მოგვცა ხმა მე და ჩემს პარტნიორებს. ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა ისრაელის ყველა მოქალაქისთვის კარგი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით მომდევნო დღეებში“, – წერს ის.
ეიზენკოტი ასევე აღნიშნავს, რომ ახლა ისრაელს ერთიანობა სჭირდება და მზად არის, ამისთვის პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
„ისრაელს სჭირდება ერთიანობა, რომლის ერთგულიც ვარ და რომლისთვისაც მზად ვარ, პოლიტიკური ფასი გადავიხადო, ეს არის ისრაელის მოქალაქეებს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანობა; ერთიანობა ახალი და განსხვავებული გზის გარშემო, რომელიც პატივს სცემს და აღნიშნავს ისრაელის სოლიდარობას, რომელსაც მე ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ კომპონენტად მივიჩნევ“, – განაცხადა ეიზენკოტმა.
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის, თავის მთავარ ოპონენტთან, გადი ეიზენკოტთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციული პრინციპით დაიკავოს და ამასთან, თანახმაა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თავდაპირველად ეიზენკოტს დაუთმოს.
27 ოქტომბრის ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ, „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა 120-ადგილიან პარლამენტში 53 მანდატი მოიპოვეს, მისმა მოწინააღმდეგე პარტიების კოალიციამ, გადი ეიზენკოტის „იაშარმა“ – 48 მანდატი, არაბულმა პარტიებმა კი – 19 მანდატი.
8 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პარტია „იაშარის“ ხელმძღვანელს, გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა. ეიზენკოტმა მთავრობის ფორმირება 42 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას თუ ვერ შეძლებს, ისააკ ჰერცოგი ნეთანიაჰუს აირჩევს კოალიციის შესაქმნელად. ნეთანიაჰუც თუ ვერ მოახერხებს მთავრობის ფორმირებას, ამის შანსი კიდევ ერთ კანდიდატს ექნება და მისი წარუმატებლობის შემთხვევაში ისრაელში ახალი არჩევნები დაინიშნება. ამასთან, 10 ნოემბერს ისრაელის პარლამენტმა ახალი მთავრობის გარეშე დადო ფიცი, რადგან არჩევნებიდან დღემდე კოალიციის შექმნა ვერცერთმა მხარემ შეძლო.