ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე 26 ნოემბრის ინციდენტზე: პროვოკაციებისა და გამყოფი განცხადებების მიმართ საღი აზრის შენარჩუნება და დაპირისპირების გაღვივებისგან თავის შეკავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

29 ნოე 2026, 10:45

113
გაზიარება:
ბიზნესმენი, თურქეთ-საქართვლოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სპორტი, რომელიც მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და სხვადასხვა კულტურის დაახლოების სივრცე უნდა იყოს, მსგავსი დაძაბულობისა და დაპირისპირების კერა არ უნდა ხდებოდეს. 
 
"ეს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და საღი აზროვნება. საქართველო კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც ისტორიულად სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელთა თანაცხოვრებით, მეგობრობითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თურქეთთან და რეგიონის სხვა მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობები მხოლოდ დიპლომატიურ კავშირებს არ ეფუძნება. ეს არის წლების განმავლობაში ხალხებს შორის ჩამოყალიბებული საერთო ისტორიის, კულტურისა და ურთიერთნდობის შედეგი", - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.
 
მისივე განცხადებით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 
 
"თურქეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი და საქართველო, . მათ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირები, მტკიცე სამეზობლო ურთიერთობები, ურთიერთნდობა და განვითარებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებთ. ეს ურთიერთობები მხოლოდ სახელმწიფოებს შორის არსებული კავშირები არ არის - ისინი ორი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კულტურაში, ვაჭრობასა და საერთო მომავალში აისახება", - აღნიშნავს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.
ბიზნემენის განცხადებით, ერთ სტადიონზე განვითარებულმა დაძაბულობამ მილიონობით ადამიანის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება არ უნდა განსაზღვროს.
 
"აქ გამარჯვებული არც თურქეთია და არც საქართველო. რეალური ზიანი ორი ქვეყნის მეგობრობასა და ურთიერთნდობას ადგება. ამგვარი დაპირისპირებით კი სარგებლის მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სურს თურქეთისა და საქართველოს ხალხებს შორის მტრობისა და უნდობლობის გაღვივება. სწორედ ამიტომ, პროვოკაციებისა და გამყოფი განცხადებების მიმართ საღი აზრის შენარჩუნება და დაპირისპირების გაღვივებისგან თავის შეკავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა", - აცხადებს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.
 
2026 წლის 26 ნოემბერს ბათუმში, უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩის დროს, თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი თურქეთის „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შეხვედრას უკავშირდება, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამო ნეიტრალურ მოედანზე - „ბათუმი არენაზე“ ტარდებოდა.