პრემიერი: აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი

28 ნოე 2026, 22:30

8
გაზიარება:

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკვანძო საკითხი არის დავით გარეჯის თემა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ყველა ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ბატონი ალიევი, და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები. ერთ-ერთი ასეთი არის, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი – დავით გარეჯის საკითხი. აქაც მემკვიდრეობა დაგვხვდა ძალიან მძიმე. თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლების განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით, პირდაპირ სააკაშვილის განცხადება შეგიძლიათ ამოიღოთ, სადაც საუბრობს იმაზე, რომ სტრატეგიული სიმაღლე არის აზერბაიჯანის, და აქ პირდაპირ იგულისხმება ჩიჩხიტური, რაზეც ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს. თუმცა ეს არის საკითხი, რაზეც გვჭირდება მოლაპარაკებები.

რაც შეეხება ქურმუხში წირვის აღდგენას – ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირველად ჩატარდა წირვა ქურმუხის ტაძარში ჩვენი ხელისუფლების პირობებში. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, გაუგებრობები, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს არის როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ინტერესებში, და მე ვფიქრობ, რომ აქაც არის შესაძლებელი პოზიციების შეჯერება“, – განაცხადა პრემიერმა.