ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

28 ნოე 2026, 15:02

4
გაზიარება:

ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა ქალაქების მერებსა და ოლქების ახალ ხელმძღვანელებს ირჩევს.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები პირდაპირ გავლენას არ მოახდენს ჩინეთთან პოლიტიკაზე, კუნძულის გარშემო გააქტიურებულია ჩინეთის სამხედრო ძალა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულის გარშემო ჩინეთის 33 სამხედრო თვითმფრინავი და რვა სამხედრო გემი დააფიქსირეს.

მთავარი ბრძოლა დედაქალაქ ტაიპეის მერობისთვის მიმდინარეობს, სადაც მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატს, პუმა შენს, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „კუომინტანგის“ (KMT)„ წარმომადგენელი, მოქმედი მერი ჩიანგ ვან-ანი უპირისპირდება, რომელიც პეკინთან მჭიდრო კავშირებს ემხრობა.

„როიტერის“ ცნობით, ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, „სეპარატიზმის“ ბრალდებით პუმა შენის მიმართ ძებნას აწარმოებს. პარასკევს ჩინეთის სახელმწიფო მედიაში განაცხადეს, რომ პუმა შენმა აშშ-ისგან ფული აიღო, ვაშინგტონი კი ტაივანის არჩევნებში „უკიდურესად ფარული მეთოდებით ღრმა ჩარევისთვის“ დაადანაშაულეს.

„როიტერი“ წერს, რომ დღევანდელი კენჭისყრის დასრულებისთანავე პარტიები მზადებას 2028 წლის დასაწყისში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებენ. მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე, რომელსაც პეკინი „სეპარატისტს“ უწოდებს, მეორე ვადით იყრის კენჭს.