ანდრეი სიბიგამ და ალან ბერსემ სპეციალური ტრიბუნალის რატიფიკაცია და უკრაინის მხარდაჭერის ახალი გეგმა განიხილეს

28 ნოე 2026, 10:40

6
გაზიარება:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან ევროსაბჭოს ახალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტში უკრაინის გაწევრიანების საკითხი განიხილა.

შეხვედრისას სიბიგამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ფრონტზე არსებული ვითარება, რუსეთის თავდასხმების ესკალაცია და მშვიდობის მისაღწევად გაწეული დიპლომატიური ძალისხმევა გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს ახალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს.

"განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პასუხისმგებლობის საკითხს. მადლობა გადავუხადე ბატონ ბერსეს მისი პირადი ლიდერობისთვის, რომლის წყალობითაც სპეციალური ტრიბუნალი და კომპენსაციების კომისია გეგმებიდან პრაქტიკულ მუშაობაზე გადავიდა“, – წერს სიბიგა.

25 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტთან უკრაინის მიერთების საკითხი, რომელშიც მონაწილეობის მზადყოფნა 39-მა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ გამოთქვა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარტნიორებს ტრიბუნალის შექმნის დროული რატიფიცირებისკენ მოუწოდა.

ტრიბუნალს ასამოქმედებლად ექვსზე მეტი რატიფიკაცია სჭირდება, კომპენსაციების კომისიას კი – კიდევ ცამეტი. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, სწრაფად დაასრულონ საკუთარი პროცედურები, რათა მომავალი წელი სამართლიანობის წლად იქცეს“, – აღნიშნა სიბიგამ.

ცნობისთვის, 15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედების საკვანძო გადაწყვეტილება დამტკიცდა. ამ დროისთვის ამ მექანიზმში მონაწილეობისთვის შიდა პროცედურები უკვე დაასრულა ცხრა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ისლანდიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პორტუგალიამ და შვედეთმა, უკრაინა კი მეათე ქვეყანა გახდა.