27 ნოე 2026, 16:05
2კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ კავშირებს, თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
საუბარი შეეხო ქართველი და იტალიელი ექსპერტების მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტავრაციის, კონსერვაციის, არქეოლოგიური მისიებისა და კვლევების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივები და შემოქმედებითი კუთხით თანამშრომლობის საკითხები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ და იტალიის ბორგეზეს გალერეებში დაგეგმილ გამოფენებზე.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე ესწრებოდნენ.