"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში

27 ნოე 2026, 17:49

21
გაზიარება:

არაფორმალური განათლება ბავშვის მრავალმხრივი განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა - ის აფართოებს მის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების რეალიზებას, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და სწორი მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას.

რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში? - ამ თემაზე გადაცემაში "შეხვედრის დრო" არაფორმალური განვითარების მოსწავლეთა მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, სოფო დუმბაძემ ისაუბრა.

"ფორმალური და არაფორმალური განათლების ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია, რადგან ორივე განათლების ნაწილია. ფორმალური განათლება დადგენილ სტანდარტებს ეფუძნება და ძირითადად ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა მხოლოდ ცოდნის დაგროვება საკმარისი არ არის - მნიშვნელოვანია მისი რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაც.

სწორედ ეს არის არაფორმალური განათლების დანიშნულება. მოსწავლეს შესაძლოა რომელიმე საგანში დაბალი შედეგი ჰქონდეს არა უნარის ნაკლებობის, არამედ ინტერესის არქონის გამო. არაფორმალური განათლება მას საკუთარი შესაძლებლობების სხვაგვარად წარმოჩენის, ძლიერი მხარეების გამოვლენისა და განსხვავებული მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევს. ამ პროცესში მხოლოდ მასწავლებლის მონდომება საკმარისი არ არის.

მნიშვნელოვანია ოჯახის, მოსწავლის, მასწავლებლისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების ჩართულობა. არაფორმალური განათლება ფორმალურ განათლებას არ უპირისპირდება, პირიქით, ავსებს მას. ერთი მეორის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, არაფორმალური განათლება აუცილებლად არ გულისხმობს ფინანსურ ხარჯებსა და კერძო სტუდიებში სიარულს. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს მის ხელშეწყობასაც.

სკოლას შეუძლია სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით არაფორმალური პროექტები თავად განახორციელოს და მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზოს. მთავარია, ეს პროცესი სწორად დაიგეგმოს და ორგანიზდეს. არაფორმალური განათლება საგაკვეთილო პროცესის მიღმა დამატებით მუშაობას, მასწავლებლის დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მასწავლებლისთვის ეს პასუხისმგებლობაა, მოსწავლისთვის კი მონაწილეობა ნებაყოფლობითია,''- განმარტა სოფო დუმბაძემ.

მან აღნიშნა, რომ არაფორმალური განათლების მთავარი პრინციპი ნებაყოფლობითობაა.

"სწორედ ნებაყოფლობითობაა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. მნიშვნელოვანია, მშობლებმაც გააცნობიერონ, რომ არაფორმალური განათლება დროის ფუჭად ხარჯვა არ არის. მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება. არაფორმალური განათლების შედეგი ყოველთვის ნიშნით, სერტიფიკატით ან დიპლომით არ იზომება. მისი მთავარი მიზანია პასუხისმგებლიანი, მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია საკუთარი და სხვისი უფლებების პატივისცემა, გარემოსთან ადაპტირება და საზოგადოებაში სწორი ქცევა.

მთავარია ოქროს შუალედის პოვნა. ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთმანეთს უნდა ავსებდეს. მაღალი აკადემიური შედეგის მისაღწევად ზოგჯერ საჭიროა დისციპლინა, გარკვეული სიმკაცრე და სირთულეების გადალახვაც. ესეც მნიშვნელოვანი უნარებია, რომლებიც ბავშვს პასუხისმგებლობასა და გამოწვევებთან გამკლავებას ასწავლის,''- აღნიშნა სოფო დუმბაძემ.