ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე 15 საკითხი განიხილა

27 ნოე 2026, 15:08

13
გაზიარება:

ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე 15 საკითხი განიხილა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები 50 100 ლარით იზრდება. პროექტი სხვადასხვა სფეროზე რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას ითვალისწინებს.

ცვლილებები შეეხება ჯანდაცვის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებს. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი მუნიციპალური ქონების განკარგვა იყო.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში მდებარე რამდენიმე უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ გადაეცა, შემდგომში მათი ფაქტობრივი მფლობელებისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს პარკირების ადგილების განსაზღვრისა და პარკირების ახალი წესი.

საკრებულომ ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელა. მათ შორის იყო ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცება.

სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილებები მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის ცვლილებისა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხზე მომუშავე ჯგუფის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ.