27 ნოე 2026, 10:43
3ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა.
წევრმა სახელმწიფოებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის საკითხზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ლიდერებმა სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: ბიუჯეტის საერთო მოცულობა, თანხების განაწილება და ევროკავშირისთვის სახსრების მოზიდვის ახალი გზები.
„შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ბიუჯეტის საერთო მოცულობასთან დაკავშირებით ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ დამატებითი შემცირება მოითხოვა, უმრავლესობა კი ამას ეწინააღმდეგებოდა. ზოგიერთმა მათგანმა შემცირებული დაფინანსების აღდგენაც კი შემოგვთავაზა, განსაკუთრებით, რეგიონული განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა კოშტამ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლაპარაკებებისას პროგრესი მიღწეულია ევროკავშირის შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების საკითხზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გააფრთხილა ლიდერები, რომ ბიუჯეტის ზედმეტად შემცირებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას იმ პრიორიტეტებს, რომლებზეც წევრი ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ.
„მესმის კომპრომისების აუცილებლობა, თუმცა ამავე დროს ერთგული უნდა დავრჩეთ იმ პრიორიტეტების მიმართ, რომლებზეც ერთობლივად შევთანხმდით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ, რომელიც 2027 წელს უნდა განხორციელდეს. ანტონიუ კოშტას განცხადებით, ინიციატივას 24 წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს.
„ამ წინადადებას მხარი 24-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. მათგან ერთ-ერთი, ბულგარეთი, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ არასამხედრო კომპონენტში. ამ საკითხს დეკემბერში დავუბრუნდებით“, - განაცხადა კოშტამ.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის სტრატეგია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და მისთვის მოლაპარაკებების პროცესში ძლიერი პოზიციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„ჩვენი სტრატეგია ნათელია - უკრაინას მოლაპარაკებების ძლიერი პოზიციიდან წარმართვისთვის ყველა საჭირო საშუალებას ვაძლევთ. ეს იწყება პროგნოზირებადი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. გასულ კვირას უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის მექანიზმი შევთავაზეთ, რომელიც 2027 წელს 45 მილიარდ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.