მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო

26 ნოე 2026, 20:53

7
გაზიარება:

მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა - ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო.

ევროპელ ლიდერთა პოზიციები განსხვავებულია როგორც საერთო ფინანსურ პრიორიტეტებზე, ისე კიევის დახმარების საკითხზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტი დღის წესრიგში „ყველაზე მნიშვნელოვანი“ საკითხია. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ სამიტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდეს. არც გერმანიის კანცლერი ელოდება, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში ლიდერები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

ევროკავშირის ბიუჯეტის გარდა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა. მერცი აცხადებს, რომ უკრაინას ზამთრის განმავლობაში დახმარება სჭირდება და ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის დასასრულებლად.

სამიტზე ლიდერები უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას განიხილავენ. ეს სესხი ორ ნაწილად იყოფა - 25 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის, 20 მილიარდი კი არასამხედრო საჭიროებებისთვის. თუმცა, ქვეყნების ნაწილი სამხედრო დახმარების დაფინანსებაში მონაწილეობას არ აპირებს. ბულგარეთი მზადაა, უკრაინას ფინანსურად დაეხმაროს, მაგრამ მხოლოდ არასამხედრო მიმართულებით.

ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე კი რუსეთის მზარდი საფრთხის გამო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს რუმინეთის პრეზიდენტი. ნიკუშორ დანის შეფასებით, მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლისა და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამოყენებას შეეცდება.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ევროპელებს ფარისევლობაში ადანაშაულებს იმის გამო, რომ უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, ისინი კვლავ უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ რუსულ ენერგორესურსებზე.

უკრაინის დაფინანსებისა და ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა 17-18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღონ.