26 ნოე 2026, 20:47
5თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ფარგლებში კომპანია „იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა საზოგადოებას უთხრეს, რომ კონცეფციის მიხედვით, ტერიტორია დაბალი ინტენსივობის განაშენიანებისთვის არის დაგეგმილი, რომელიც ბუნებრივ გარემოსთან იქნება შერწყმული.
პროექტის უმეტესი ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს დაეთმობა, ცენტრალურ ზონაში კი საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურა განთავსდება.
გარდაბნის კულტურის სახლში „იგლ ჰილსის“ პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაციას ადგილობრივები და პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროექტის განხორციელებაში ჩართული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. საზოგადოების ინტერესის ძირითადი საკითხები სამუშაო ადგილების შექმნას, დასასვენებელი სივრცეების მოწყობასა და პროექტის სხვა დეტალებს შეეხებოდა.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და ბრალდებები ვრცელდებოდა. მათ შორის იყო შეფასებები, თითქოს პროექტი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„იგლ ჰილსის“ წარმომადგენლები აღნიშნულ ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტის ეკონომიკურ და საბიუჯეტო სარგებელზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს შექმნის.
პრემიერი ასევე უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს პროექტის შედეგად ე.წ. არაბული დასახლება შეიქმნება, და ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების მყიდველთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
განაშენიანების გეგმის კონცეფციაზე კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“ მუშაობს, დოკუმენტაციას კი ამ ეტაპზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო განიხილავს.
პროექტის ავტორების თქმით, დაგეგმვას წინ უძღოდა ტერიტორიის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ეკოლოგიური კვლევები, ასევე ბიომრავალფეროვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სატრანსპორტო გავლენის შეფასება.