26 ნოე 2026, 18:28
4ევროპა უნდა დარჩეს ქმედითუნარიანი და გახდეს სუვერენული, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ერთიანი ბაზრის დასრულებასა და ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ევროპა უნდა დარჩეს ქმედითუნარიანი და გახდეს სუვერენული“, – აღნიშნა მერცმა და განაცხადა, რომ ეს იქნება მთავარი პრინციპი მომავალი „მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოსთვის“ – ბლოკის ბიუჯეტისთვის 2028-2034 წლების პერიოდში.
მერცმა მოუწოდა ევროკავშირს, გახდეს უფრო ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი და სტრატეგიულად ავტონომიური; მისი თქმით, ბლოკმა უნდა შეინარჩუნოს ქმედების უნარი გლობალურ გარემოში, სადაც გამოწვევები სულ უფრო იზრდება.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღიარა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და წევრ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის პროცესის წინ წაწევის სურვილს ხედავს.