ოლიმპიურ მუზეუმში თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის, ვახტანგ ბალავაძის, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ოლიმპიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, ლეგენდარული მოჭიდავის - ვახტანგ ბალავაძის, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაქრაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე გაიმართა ვახტანგ ბალავაძის შესახებ გადაღებული თამარ ბალავაძის ფილმის - „ჭიდაობის პროფესორი“ ჩვენება. სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა გაიხსენეს სახელოვანი სპორტსმენის განვლილი ცხოვრების გზა და მნიშვნელოვანი გამარჯვებანი.
ვახტანგ ბალავაძემ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად 1954 წელს ტოკიოში იზეიმა, მეორედ - 1957 წელს; მის კოლექციაში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალიცაა; ქართველი მოჭიდავე მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. იყო სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, სსრკ-ის ჩემპიონი სამბოში და მეორე პრიზიორი. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებურად ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც მას „ჭიდაობის პროფესორი" შეარქვეს.