წლევანდელი მოსავალი დამაკმაყოფილებელია, ნაყოფის ხარისხიც კარგია და მანდარინის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის - ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი

26 ნოე 2026, 14:32

21
გაზიარება:

აჭარაში მანდარინის კრეფის „ნარინჯისფერი რთველის“ სეზონი აქტიურ ფაზაშია. მანდარინის მოსავლის აღება რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია და ეკონომიკური საქმიანობაა. როგორია წლევანდელი მოსავალი, ნაყოფის ხარისხი და რეალიზაციის შესაძლებლობები? - ამ თემებზე გადაცემაში "შეხვედრის დრო“ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ონიანმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, წლევანდელი მოსავალი დამაკმაყოფილებელია, ნაყოფის ხარისხიც კარგია და მანდარინის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის:

"ქართული მანდარინი წლების განმავლობაში ცნობილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი გამორჩეული გემო, არომატი და ვიზუალური მახასიათებლები პროდუქციას კონკურენტუნარიანს ხდის. ქართული ციტრუსი ექსპორტზე გადის ევროპის, შუა აზიის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და რუსეთის ბაზრებზე.

კლიმატური პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ციტრუსის მოსავლიანობასა და ხარისხზე. წლევანდელი მოსავალი დამაკმაყოფილებელია, ნაყოფის ხარისხიც კარგია და მანდარინის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. მოსალოდნელია 40 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინის რეალიზაცია, რაც ექსპორტის შესაძლებლობასაც ზრდის.

არასტანდარტულ მანდარინად მიიჩნევა ნაყოფი, რომელიც ფორმის, ზომის ან სხვა ვიზუალური მახასიათებლების გამო სტანდარტულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ასეთ კატეგორიაში ხვდება მოსავლის აღებისას ან ბუნებრივი მოვლენების, მათ შორის სეტყვის შედეგად დაზიანებული ციტრუსიც. მისი გადამუშავება ადგილობრივ საკონსერვო საწარმოებში ხდება, სადაც სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის კონცენტრატი მზადდება.

არასტანდარტული ციტრუსის მიღებაში კერძო საწარმოებიც მონაწილეობენ. ფერმერები ჩაბარებული პროდუქციისთვის სახელმწიფო სუბსიდიასაც მიიღებენ. პროგრამაში არანაკლებ 15 საწარმოა ჩართული. ეს ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის დამატებით შესაძლებლობას აძლევს,''-განმარტა ირაკლი ონიანმა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობის მხარდაჭერით იქმნება საკოორდინაციო შტაბი, რომლის მთავარი ფუნქცია არის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესის ორგანიზება. 

"ყოველწლიურად მთავრობის მხარდაჭერით იქმნება საკოორდინაციო შტაბი, რომლის მთავარი ფუნქცია მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესის ორგანიზებაა. შტაბი ორი მიმართულებით მუშაობს: ექსპორტისა და გადამუშავების კუთხით. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფერმერებისა და პირდაპირი შემსყიდველების დაკავშირება, შუამავლების როლის შემცირება და პროდუქციის რეალიზაციის გამარტივება.

ქართული მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზრები კვლავ ტრადიციული მიმართულებებია, თუმცა არსებობს ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობაც. ქართული ციტრუსი ჩინეთშიც იგზავნება. წელს ექსპორტის ზრდას განსაკუთრებით უზბეკეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ელოდებიან. ახალი ბაზრების გახსნა ფერმერებისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობა იქნება,''- აღნიშნა ირაკლი ონიანმა.

ირაკლი ონიანის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსავლის რეალიზაცია, არამედ მისი ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაც.

"მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსავლის რეალიზაცია, არამედ მისი ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაც. ამ მიმართულებით ფერმერებს მხარდაჭერას უწევენ შესაბამისი სამსახურები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ექსტენციის მომსახურებას, რაც ფერმერებისთვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების, მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. სპეციალისტები ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობენ, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებშიც. ფუნქციონირებს მობილური ლაბორატორიაც.

ფერმერებს სთავაზობენ სერტიფიცირებულ სარგავ მასალას, ახალი ბაღების გაშენებისა და არსებული ბაღების განახლების ხელშეწყობას. ყურადღება ეთმობა საადრეო მანდარინის ჯიშებსაც, რომელთა მოსავლის მიღება სექტემბრის ბოლოდან არის შესაძლებელი.

მანდარინთან ერთად, აჭარაში ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტისა და სხვა ციტრუსოვანი კულტურების განვითარებაზეც მუშაობენ. მნიშვნელოვანია დაბერებული ბაღების ახალი, პროდუქტიული ნერგებით ჩანაცვლება, რაც მოსავლიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მანდარინი აჭარისთვის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურა არ არის — ის რეგიონის ტრადიციისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მისი წარმოების განვითარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება ფერმერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება,''- განმარტა ირაკლი ონიანმა.