26 ნოე 2026, 00:11
34საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის Gastro Batumi-ის შესახებ, რომელიც წელს მეოთხედ იმართება, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ გადაცემა "ახალ დილაში" ისაუბრა.
"ჩვენ არაფრის გამოგონება არ გვჭირდება. 140 რეგიონული უნიკალური რეცეპტი არსებობს აჭარაში და ჩვენი მიზანია, ეს ყველა კერძი აისახოს რეგიონის მენიუებში, კვების ობიექტებში. გვინდა, აჭარული გასტრონომია, როგორც ავთენტური რეგიონული სამზარეულო, შევინარჩუნოთ მისი განვითარების გზით და ისე განვავითაროთ, რომ საერთაშორისო ნებისმიერი დონის რესტორანში იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
მისი თქმით, წლევანდელი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხორცეულია და 100-ზე მეტი ადგილობრივი შეფ-მზარეულისთვის ინდივიდუალური ტრენინგებია დაგეგმილი უცხოელ ექსპერტებთან ერთად.
"გვინდოდა, ჩვენთან არსებული ხორცის დამუშავების, მომზადების ტექნიკები ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მაგალითად, საფრანგეთიდან ჩამოვა ექსპერტი, რომელიც სათითაოდ კამერებით აჩვენებს, სად უნდა გაიჭრას ხორცი და როგორ უნდა დამუშავდეს თითოეული კერძის სტრუქტურის მისაღებად“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება საპრეზენტაციო მასტერკლასიც, რომელსაც დაახლოებით 130 შეფ-მზარეული და კვების ობიექტის მფლობელი დაესწრება. ადგილობრივი და მოწვეული შეფები ტრადიციულ კერძებს თანამედროვე ფორმატით წარადგენენ.
"ჩვენი მთავარი მიზანი ტრადიციული გემოების შენარჩუნებაა, თუმცა დღეს მნიშვნელოვანია კერძების ისეთი ფორმით განვითარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მოვამზადებთ ისეთ კერძებს, როგორიც არის, მაგალითად, ბორანო - მაღალმთიანი აჭარის კენკროვანი სოუსებით, რათა ის საერთაშორისო და მიშლენის ვარსკვლავის რესტორნების ფორმატშიც წარდგეს“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
თინათინ ზოიძის თქმით, ფორუმზე ასევე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ აყალიბებს კულინარია დანიშნულების ადგილის იმიჯს, და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველი რესტორატორები, რომლებმაც რესტორნები უცხოეთში, მათ შორის პრაღასა და მადრიდში გახსნეს.