ცოტნე ანანიძე: ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, თუმცა თეთრ სახლში ცვლილების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა

26 ნოე 2026, 10:22

26
გაზიარება:

„შეგვიძლია, მათ შორის მაყურებელთან ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება მას შემდეგ, როცა ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. რა თქმა უნდა,  იმ ეროვნული  ინტერესით მივდივართ, 2022 წლის შემდეგ, მაგრამ შეიცვალა დამოკიდებულება, განცხადებები და რიტორიკა, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული აპელირების რიტორიკა,  როგორც კი თეთრ სახლში ცვლილება მოხდა“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით ყოველდღიურად იმართებოდა ბრიფინგები და საუბარი იყო სანქციებზე, რეზოლუციებსა და კონგრესში სხვადასხვა ინიციატივაზე.

„აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა.  ჩვენ სპიკერებს ვხედავდით,  ყოველდღიურად თეთრი სახლი ბრიფინგებს მართავდა საქართველოსთან დაკავშირებით, ისე რომ გეოგრაფიაზეც სად იყო, არ იცოდა ძალიან ბევრმა სპიკერმა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ყოველდღე სანქცია, გარკვეული ტიპის რეზოლუცია, რაღაცეების დაინიცირება კონგრესში, ქვედა პალატაში, ზედა პალატაში და ა.შ.. გარკვეული ცვლილება ხომ მოხდა. ე.წ მკვდრად შობილი მეგობრობის აქტი ხომ ჩავარდა. ესეც ხომ ნიშნავს გარკვეულ ინდიკატორს, რომ აქ ქვეყანა და ქვეყნის პოზიცია კი არ არის რაიმე თავში, არამედ მეორე მხარე, რომელსაც თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს და ეს იყო ჯო ბაიდენისა და ევრობიუროკრატიის უნისონში მყოფი პოზიცია, ვინც ჩემთან არ იქნებით ამ პროცესში, ჩემი მტერი ხართ. ეს იყო თავიდან ბოლომდე და ამას ყველა კარგად ხედავს. ვისაც აინტერესებს ეს თემა ხედავს“, - განაცხადა ანანიძემ.