დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა

26 ნოე 2026, 10:14

7
გაზიარება:

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა.

ამის ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ჭარბი სამრეწველო წარმოების შესაკავებლად 20%-დან 40%-მდე შესაძლო მაქსიმალური ტარიფების დაწესება შესთავაზა. თუმცა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, საბოლოო განაკვეთები უფრო დაბალი იქნება და უკვე გაფორმებულ ან მოლაპარაკების პროცესში მყოფ სავაჭრო შეთანხმებებს დაეფუძნება.

ამასთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა ბრაზილიიდან იმპორტირებულ Embraer-ის კომერციულ თვითმფრინავებზე 10%-იანი ტარიფის დაწესება და კვოტით გათვალისწინებულ ზღვარზე მეტი რაოდენობით იმპორტირებულ ბრაზილიურ შაქარზე გადასახადის გაზრდა შესთავაზა. ეს ნაბიჯი ბრაზილიის ხელისუფლებაზე ზეწოლას ისახავს მიზნად, რათა მან, აშშ-ის შეფასებით, არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა გამოასწოროს.

აღნიშნული პროდუქცია მანამდე გათავისუფლებული იყო ტრამპის მიერ ბრაზილიურ საქონელზე ივლისში დაწესებული 25%-იანი ტარიფისგან.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯეიმსონ გრირის განცხადებით, ახალი ზომების შეთავაზება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ვაშინგტონსა და ბრაზილიას შორის რამდენიმეთვიან მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.

ჭარბი სამრეწველო წარმოების შესახებ გამოძიების ფარგლებში, ჩინეთისთვის ტარიფის მაქსიმალური განაკვეთი 20% იქნება, რასაც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაწესებული დაახლოებით 25%-იანი გადასახადიც დაემატება. ეს განაკვეთი შეესაბამება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ზავს, რომლის მოქმედების ვადა 10 იანვარს იწურება. შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში კი ჩინეთისთვის ტარიფი 40%-მდე გაიზრდება.

გრირის განცხადებით, ახალი ტარიფები მიზნად ისახავს იმ ქვეყნების სამრეწველო სტრატეგიების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც, აშშ-ის შეფასებით, სახელმწიფო სუბსიდირებას, შრომითი პირობების ხელოვნურ რეგულირებასა და ბაზრის დამახინჯების სხვა პრაქტიკებს ეფუძნება და ამერიკულ წარმოებას აზიანებს.

ტარიფების საკითხზე საჯარო მოსმენა 25 იანვარს არის დაგეგმილი.