25 ნოე 2026, 23:19
9ევროკავშირმა ღონისძიებებზე უნდა მოიწვიოს საქართველო ისე, როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საერთოდ არ იგზავნებოდა მოსაწვევი და ეს დისკუსიის საგანი გახდა, მათ შორის ბრიუსელში.
„ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდით, როგორ ხდებოდა, შეკრებების და შეხვედრების ორგანიზება. პირველ ეტაპზე იყო, რომ საერთოდ არ იგზავნებოდა მოსაწვევი. რა თქმა უნდა, ეს გახდა დისკუსიის საგანი მათ შორის ბრიუსელში, რამდენად ჰქონდა აზრი ისეთ შეხვედრებს დაკავშირებადობაზე, როდესაც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, საქართველო საერთოდ არ არის მოწვეული ამ შეხვედრაზე. დიდი ხნის ამბავს ვამბობ, დაახლოებით, შეიძლება ითქვას, პირველი შეხვედრები, როდესაც დაიწყო დაკავშირებადობის თემაზე, მათ შორის, მინისტერიალები. რა თქმა უნდა, იყო რიგი წევრი ქვეყნების, პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ევროპარლამენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდანაც შეკითხვები ევროკომისიაზე, კონკრეტულად, საქართველოსთან დაკავშირებით. რუკას როდესაც შეხედავთ, დაკავშირებადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მარტივია, რომელი ქვეყანაა საკვანძო ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა გაჩნდა და ერთგვარი სახის შენარჩუნების გზა იყო, რომ უკვე დაბალ დონეზე იყოს მოსაწვევი გამოგზავნილი.
„თუ არ ვცდები, ივნისში იყო ერთ-ერთი შეხვედრა, როდესაც წინა საღამოს, დაახლოებით, ღამის 22:00 საათზე გამოიგზავნა მოსაწვევი ელჩისთვის. ერთი დღით ადრე, წინა საღამოს და ითქვა, რომ მოსაწვევი გამოგზავნილი იყო. ეს ხომ არის უბრალოდ, რაღაც ვალის მოხდა მოსაწვევის გამოგზავნა. ჩვენ ძალიან კარგად გავაცნობიერეთ, რომ იქ საქართველოს პოზიციის მოსმენას არავინ ელოდებოდა, რადგან შენ თუ გინდა საქართველოს პოზიცია მოისმინო, შესაბამისი ადამიანი უნდა იყოს მოწვეული ღონისძიებაზე პოზიციების გასაჟღერებლად. პოლიტიკური ხასიათის შეხვედრა როდესაც არის და პოლიტიკოსები ესწრებიან მას, საუბრობთ დაკავშირებადობაზე, როგორც პოლიტიკაზე, მხოლოდ და მხოლოდ მოსმენის რეჟიმში საქართველო ვერ მიიღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, შესაბამისად, ძალიან მყარად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ნათელია ევროკავშირისთვის. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ევროკავშირთან დიალოგი არცერთ საკითხზე, მათ შორის, პრობლემურ საკითხებზე. მარტივია ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩვენ მოსაწვევი თუ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის უნდა მივიღოთ, რომ შემდეგ მოწვევა-არმოწვევის საკითხი საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდეს, რადგან ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ მოსაწვევი გამოიგზავნა თუ არა, აქ გარკვეულ მედიასაშუალებებში უფრო ადრე იცოდნენ, რომ საქართველო ელჩის დონეზე იყო მოწვეული, ვიდრე საელჩომ იცოდა, რადგან, მგონი, დილას ნახეს მოსაწვევი. გარკვეული წესები არსებობს, ხომ?! შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს, ეს იყოს უარყოფითი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, შანტაჟის ნაწილი ან რაღაც სპეკულაციების დღის წესრიგის ნაწილი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან მოსაწვევები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ეს საკითხი საქართველოში სხვადასხვა აქტორების მხრიდან სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.
„შეხვედრებში საქართველოს ელჩის ან შედარებით დაბალ დონეზე მოწვევა არ ემსახურება იმას, რომ იქ ვინმეს აინტერესებს საქართველოს პოზიციის მოსმენა. ამ შემთხვევაში, თუკი ეს აინტერესებთ, მოიწვევენ იმ დონის წარმომადგენელს, რა დონეზეც შეხვედრა იმართება. ეს მოსაწვევები სწორედ გამოიყენებოდა იმისთვის, რომ საქართველოში სხვადასხვა აქტორების მხრიდან გამხდარიყო სპეკულაციების საგანი. დისკუსიაში როდესაც მონაწილეობენ მინისტრები, როდესაც გიწვევენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოუსმინო სხვა მინისტრების მსჯელობას, ეს არ არის ის ფორმატი, რა ფორმატშიც საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, დაკავშირებადობის კონტექსტში უნდა მონაწილეობდეს შეხვედრაში. ამას ვერც დავარქმევ შეხვედრაში მონაწილეობას. ასე შეიძლება, შეხვედრას ნებისმიერი ფორმით მოუსმინოს ნებისმიერმა ადამიანმა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ, დავკარგეთ თუ არა შესაძლებლობა, არის თუ არა დაკარგული შესაძლებლობა, მე ასე ვიტყოდი – ასეთი ფორმით შეხვედრებზე მოსაწვევით სპეკულირება, თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას და თავად ევროკომისიის დამოკიდებულებას აკნინებს სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, უფრო მეტად სერიოზული დამოკიდებულება ვიხილოთ ამ საკითხების თვალსაზრისით. სასაცილოც არის ხოლმე ამაზე საუბარი. შეხვედრას თუ მართავ, თუ შენ გინდა, კონკრეტული მონაწილის პოზიცია იცოდე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მარტივია, რომ მოსაწვევი უნდა გაიგზავნოს.
ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც სამი ევროკომისრის ხელმოწერით იყო მოწვეული მინისტრის მოადგილე და არა მინისტრი, როდესაც მინისტრები იყვნენ სხვა ქვეყნებიდან მოწვეული. ჩვენ ხომ ამას არ ვმალავთ, ამაზე საჯაროდ ვსაუბრობთ. წერილი ასევე დაუბრუნდა სამივე ევროკომისარს პოზიციით, რომ საქართველო არის ღია ნებისმიერ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა, თუკი ჩვენ მივიღებთ შესაბამის დონეზე მოსაწვევს იმ შეხვედრებზე, რა დონეზეც იმართება ეს შეხვედრები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.