ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე

25 ნოე 2026, 20:45

10
გაზიარება:

მიხარია, რომ დღეს ვესწრებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვხსნით თოდუას კლინიკის ახალ, 9-სართულიან კორპუსს. ეს არის 35-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება და ეს  მასშტაბური პროექტი რეგიონში მედიცინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ კლინიკაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სტაციონარულ რესურსს 50 პროცენტით ზრდის ეს ინვესტიცია და დამატებით 300 ადამიანს ასაქმებს. ჩვენ გვქონდა საშუალება, ღონისძიების წინ დაგვეთვალიერებინა უშუალოდ კლინიკის შენობა და ნამდვილად შთამბეჭდავია ამ კლინიკის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტები. ახალი სტაციონარი 100 პაციენტზეა გათვლილი; მასში 7 საოპერაციო დარბაზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა, რომელიც 10-მდე პაციენტს იტევს. საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციოები მოეწყო მინუს პირველ სართულზე, საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა კი რეგიონში არის ნამდვილად უპრეცედენტო“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დანერგილი ტექნოლოგიები  ზრდის მკურნალობის ხარისხს, რაც ძალიან თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას.

„ამ განვითარების უკან მარტივი პრინციპი დგას – ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ  გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ქართველი პაციენტები არჩევენ მკურნალობას საზღვარგარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანა. ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ შედეგის მიღწევას და სახელმწიფოს ინვესტიციებიც განხორციელდება მომავალშიც ამ მიმართულებით. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს. საყოველთაო ხელმისაწვდომობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.