ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ SOS TALENTS-ის გალა-კონცერტი გაიმართა

25 ნოე 2026, 17:07

60
გაზიარება:

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ SOS TALENTS-ის გალა-კონცერტი გაიმართა.

საღამო გახსნა ფონდის პირველმა ქართველმა ბენეფიციარმა, ცნობილმა პიანისტმა, UNESCO-ს მშვიდობის ელჩმა და აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მან ისაუბრა ფონდის საქმიანობის ძირითად მიზნებზე, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ემსახურება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა SOS TALENTS-ის დამფუძნებელმა, ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა, მუსიკის პედაგოგმა, მაესტრო მიშელ სონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ მუსიკალურ ტრადიციებსა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამორჩეულ პოტენციალს.

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ ფონდის SOS TALENTS-ის ქართველი ბენეფიციარები, წარმატებული პიანისტები თამარ ბერაია და ბარბარე თათარაძე, რომლებმაც მსმენელს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.

ფონდი SOS TALENTS ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მრავალწლიანი პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში ინტეგრაციისა და შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

საღამოზე მაესტრო მიშელ სონის მიერ ჩატარებულ მასტერკლასებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

მუსიკალური საღამოს დაწყებამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმის „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ ჩვენება გაიმართა. პოეტის, მხატვრის, მკვლევრის, ქართველი დამსახურებული მოღვაწის - ილია ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ფილმის ავტორი, ჟურნალისტი და წამყვანი ბერდია კუტუბიძეა. ფილმი ილია ზდანევიჩის ცხოვრების აქამდე უცნობ ეპიზოდებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელოვან როლს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციაში.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", ბათუმის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში.

ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.