25 ნოე 2026, 15:32
2სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ – 15 საქმეზე; პასუხისგებაში მიეცა 13 პირი, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სადაც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს 2025 წელს სამსახურის მიერ გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას.
მისი თქმით, გრძელდებოდა საქართველოში შემომსვლელ უცხოელთა ოპერატიული კონტროლი. მიგრაციული არხების მონიტორინგის შედეგად საქართველოში ვიზიტორთა შორის გამოვავლინეთ იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან ან წარმოადგენდნენ მაღალი რისკის კატეგორიას.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს, კავშირს ამყარებდნენ მათი დაინტერესების ობიექტებსა და ორგანიზაციებთან;
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ – 15 საქმეზე; პასუხისგებაში მიეცა 13 პირი;
მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ მიერ გრძელდებოდა საქართველოში შემომსვლელ უცხოელთა ოპერატიული კონტროლი. მიგრაციული არხების მონიტორინგის შედეგად საქართველოში ვიზიტორთა შორის გამოვავლინეთ იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან ან წარმოადგენდნენ მაღალი რისკის კატეგორიას. მათ წინააღმდეგ გატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის აეკრძალათ ქვეყანაში შემოსვლა და გადაადგილება, აყვანილ იქნენ კონტროლზე;
მიგრაციული ნაკადების კონტროლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სასაზღვრო ტექნოლოგიების გასავითარებლად მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა;
საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის პრევენციისა და გამოვლენის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. 2025 წელს ჩვენ მიერ ბირთვული ნივთიერებების უკანონო შეძენისა და გასაღების ფაქტებზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.