ლალი ოკუჯავა: დღემდე მიიჩნევა, რომ ბიზნესს მხოლოდ მამაკაცები აკეთებენ კარგად და ქალს გაცილებით მეტი ძალისხმევის ჩადება სჭირდება, რომ ისიც აღიარონ საქმიან ადამიანად

25 ნოე 2026, 15:03

7
გაზიარება:

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიის დამფუძნებელი ლალი ოკუჯავა წარმატებული საქმიანობისთვის ფორუმის გამარჯვებულად დასახელდა. ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე, ბიზნესში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და წარმატების საკუთარ გამოცდილებაზე მან გადაცემა „შეხვედრის დროს“ ეთერში ისაუბრა.

ლალი ოკუჯავა ქართულ-ბულგარულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს. მისი თქმით, ეს სფერო ტრადიციულად მამაკაცურად მიიჩნევა, თუმცა წარმატებას სქესი კი არა, პროფესიული უნარები და პასუხისმგებლობა განსაზღვრავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალს ჰქონდეს განათლება და საკუთარი შემოსავლის წყარო, რადგან ეს არის თავისუფლება, როცა სხვაზე არ ხარ დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ხარ ძლიერი. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოში მიიჩნევა, რომ საქმეს მხოლოდ მამაკაცები აკეთებენ კარგად და ქალს გაცილებით მეტი ძალისხმევის ჩადება სჭირდება, რომ ისიც აღიარონ საქმიან ადამიანად. ზოგადად, საქმეში სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა ლალი ოკუჯავამ.

მისივე თქმით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია შრომა, მდგრადობა, სწორი გუნდი და რისკების გაწევის მზაობა. საკუთარ გამოცდილებას მეწარმეობას სიბნელეში სიარულს ადარებს.

„მეწარმეობა არის სიბნელეში სიარული. არასოდეს არ იცი, რა არის წინ, მაგრამ მიდიხარ და არ გეშინია ამ სიბნელის, იმიტომ, რომ სიბნელის შემდეგ ყოველთვის არის სინათლე. ბევრი ახალი პროექტი თუ წამოწყება ამ პრინციპით გამიკეთებია: უბრალოდ ვაკეთებ და შემდეგ უკვე ან გამოდის, ან არ გამოდის. ასე რომ, თუ არ ვიმოძრაოთ სიბნელეში, სიახლეს ვერ დავნერგავთ და ვერ შევქმნით“, – განაცხადა სტუმარმა.

სამი შვილის დედა მიიჩნევს, რომ მშობლებმა შვილებს საკუთარი არჩევანის გაკეთების თავისუფლება უნდა მისცენ და მათ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირონ.

„ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი და მხოლოდ ბედნიერი ადამიანი არის წარმატებული ადამიანი. არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა შვილებმა გააგრძელონ ჩვენი საქმე. მათ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, შექმნან საკუთარი ცხოვრება და ჩვენ, მშობლებმა, უბრალოდ მხარი დავუჭიროთ მათ არჩევანს“, – აღნიშნა ლალი ოკუჯავამ.