25 ნოე 2026, 14:52
179„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული 18 სხდომის, განსაკუთრებით კი კითხვა-პასუხის რეჟიმის შედეგად, „ქართული ოცნების“ სარჩელში წარმოდგენილი ბრალდებების უმეტესობა გაბათილდა.
წითლიძის მტკიცებით, 2008 წლის ომის დაწყებისა და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის საკითხებთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ ბრალდებები უკან წაიღო. მისივე თქმით, ენმ-ის წინააღმდეგ წარდგენილი 26 საქმიდან 19 ბრალდება მცდარი აღმოჩნდა, ხოლო ორ საქმეში ადგილი ჰქონდა მანიპულაციას.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებით კი, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებში საუბარია კონფლიქტის დაწყების გარემოებებზე, რუსეთის პასუხისმგებლობასა და საქართველოს ხელისუფლების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხზე.
არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავს არიდებენ კითხვებს, მათ შორის, ომის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან პერსპექტივასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2008-2012 წლებში სასამართლო სისტემა და სხვა კონსტიტუციური ორგანოები „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ იყო.
მათივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური განცხადებებისა და ბრიფინგებისთვის განკუთვნილი სივრცე არ უნდა იყოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ოპოზიცია წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დარღვევების გამართლებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მსგავსი მმართველობის დაბრუნება ქვეყანაში აღარ უნდა დაუშვან.