25 ნოე 2026, 13:46
64ჭიპონი აჭარული ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტია, რომლის ისტორიაც ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მისი დამზადებისა და დაკვრის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა. ჭიპონის ისტორიასა და მის მიმართ ახალგაზრდების ინტერესზე „ახალი დილის“ ეთერში ჭიპონის ოსტატმა მურად თავართქილაძემ ისაუბრა.
„ჭიპონს ორას წელზე მეტი ისტორია აქვს. ძირითადად, მწყემსიდან შემოვიდა, მწყემსმა მოიგონა ეს და იქიდან გადმოეცემა ტრადიციულად ახალგაზრდებს. ბოლო დროს უფრო მეტად მოთხოვნაც არის და ბავშვებსაც გაუჩნდათ ინტერესი, რომ ისწავლონ“, – აღნიშნა მურად თავართქილაძემ.
ოსტატის თქმით, ჭიპონის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. მამამისი, მერიდელ თავართქილაძე, ვასო ირემაძესთან ერთად ქორწილებში უკრავდა, რამაც მომავალ ოსტატზე დიდი გავლენა მოახდინა. ინსტრუმენტის შესწავლა და დამზადება მან მეექვსე კლასში დაიწყო.
მურად თავართქილაძემ ძველ დროსთან დაკავშირებული სახალისო ისტორიაც გაიხსენა. ტელეფონების ეპოქამდე შეყვარებული ახალგაზრდები საყვარელ ადამიანს ფანჯარაზე მზის სხივის მინათებით უხმობდნენ, რათა ჩუმად შეხვედროდნენ.
„იმ დროს, როცა ტელეფონები არ იყო, შეყვარებულს როგორ უნდა დაკავშირებოდა ახალგაზრდა? ჩუმად რომ დაეძახა და გამოეყვანა, მზის სინათლეს ფანჯარაზე მიანათებდა და გოგო ხვდებოდა, რომ გამოსულიყო და შეხვედრა შემდგარიყო“, – გაიხსენა მურად თავართქილაძემ.
ოსტატი „ქედლობის“ მრავალწლიანი და ტრადიციული მონაწილეა. წელსაც სტუმრებს ჭიპონის დამზადების პროცესს აჩვენებს, მასტერკლასებს ჩაატარებს და საკრავზე დაუკრავს. მისი თქმით, ქართული ტრადიციული საკრავების მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესიც იზრდება, რაც ამ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.