25 ნოე 2026, 13:43
3728 ნოემბერს ქედა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს - „ქედელობა 2026“-ს უმასპინძლებს. სტუმრებს ქართული ტრადიციული სუფრა, ადგილობრივი ფოლკლორი, კულინარიული მასტერკლასები, სპორტული შეჯიბრებები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ.
„ყველას გეპატიჟებით ქედაში. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ამ დღესთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს ფესტივალი ჩვენთვის, ნებისმიერი ქედელისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად ვემზადებით“, - განაცხადა ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა რაულ ცინცაძემ „ახალი დილის“ ეთერში.
დღესასწაული 11:00 საათზე, ძველი ხიდის ტერიტორიაზე დაიწყება. წელს პირველად გაიმართება ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ კერძები და თავადაც მიიღონ მონაწილეობა მათ მომზადებაში.
„პირველად წელს გვექნება ტრადიციული კერძების გამოტანა და ადგილზე დავამზადებთ რამდენიმე ტრადიციულ კერძს, რომ ვიზიტორებს შეეძლოთ დააგემოვნონ და თვითონ დამზადებაშიც მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა რაულ ცინცაძემ.
პროგრამაშია ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობა, გიდლის, გოდრისა და ბადის ქსოვის ჩვენებები, საბავშვო სივრცე, ჭიდაობა და ჭადრაკი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 40 მეწარმე და 10 მეღვინე. სტუმრებს ასევე შეეძლებათ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება, ჩხავერის დაწურვა და თონეში პურის გამოცხობა.
დღესასწაული მუსიკალური პროგრამითა და ფეიერვერკით დასრულდება.