მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

25 ნოე 2026

საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში ჩატარდა უმაღლეს დონეზე შეხვედრებით, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა და ეს ურთიერთობები ძალიან სერიოზული შინაარსით არის სავსე.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სამომავლო ნაბიჯებზეც, მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში, ესეც კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების. ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.