25 ნოე 2026
ევროპის სამრეწველო კომპანიების დაახლოებით ნახევარი მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშეა. ინფორმაციას Financial Times-ი McKinsey-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაღალი შრომითი და ენერგეტიკული დანახარჯების პარალელურად, ევროპულ მწარმოებლებს ჩინელი კონკურენტების მხრიდან მზარდი ზეწოლაც ემატებათ.
საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის 2026 წლის წინასწარი მონაცემებით, ევროპის მწარმოებელი კომპანიების დაახლოებით 50% ფინანსურად მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს მაჩვენებელი 2025 წელს დაახლოებით 45%-ს, ხოლო 2024 წელს 42%-ს შეადგენდა.
ფინანსური პრობლემების გამწვავება იმ ფონზე ხდება, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, შეაჩეროს საკუთარი კონკურენტუნარიანობის შემცირება. ამ მიზნით, ბრიუსელი რეგულაციების გამარტივებას, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გაღრმავებასა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გაუმჯობესებას გეგმავს.
თუმცა, ბევრი ბიზნესი რეფორმების ნელი ტემპით უკმაყოფილოა. ჩინეთთან მზარდი კონკურენციის საპასუხოდ, კომპანიები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საავტომობილო და ქიმიურ მრეწველობაში, თანამშრომელთა რაოდენობასა და ხარჯებს ამცირებენ.
ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებელი Volkswagen-ი მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას ახორციელებს, რამაც შესაძლოა 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის გაუქმება გამოიწვიოს. ბოლო თვეებში მოგების შემცირების შესახებ გაფრთხილებები გაავრცელეს BMW-მ და Volvo Cars-მაც.
McKinsey-ის შეფასებით, ფინანსურად მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებში დაახლოებით 3,7 მილიონი სამუშაო ადგილია რისკის ქვეშ.
კვლევა ეფუძნება თითქმის 1 200 ევროპული საჯარო და კერძო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას. შესწავლილი კომპანიების წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს აღემატება. მათი მდგომარეობა ხუთი ფინანსური მაჩვენებლის მიხედვით შეფასდა, რომლებიც მოგებას, ფულად სახსრებსა და დავალიანებას უკავშირდება. კვლევაში წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროს კომპანიები, მათ შორის მანქანათმშენებლობის, საავტომობილო, ელექტროტექნიკისა და მასალების წარმოების სექტორებიდან.
2026 წლის წინასწარი მონაცემებით, კომპანიების 42% კრიტიკულ ფინანსურ მდგომარეობაშია, 8% - მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ნახევარი ფინანსურად მდგრადად მიიჩნევა.
ევროპული ინდუსტრიის არასახარბიელო მდგომარეობა ემთხვევა ბიზნესის ხელმძღვანელთა მზარდ პესიმიზმს. ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროპელი აღმასრულებელი დირექტორების ნდობა „უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე“ დაეცა. გამოკითხვა ჩაატარა ევროპის ინდუსტრიის მრგვალმა მაგიდამ (ERT), რომელიც რეგიონის დაახლოებით 60 უმსხვილეს სამრეწველო და ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს.
კვლევის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორების მთავარ გეოპოლიტიკურ შეშფოთებას ენერგომომარაგების უსაფრთხოება, მსოფლიო ეკონომიკის კონკურენტ რეგიონულ ბლოკებად დაყოფა, არასტაბილური სავაჭრო მარშრუტები და კრიტიკული ნედლეულის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება წარმოადგენს.
მისი თქმით, ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფმა ზოგიერთმა კომპანიამ მდგომარეობის გაუმჯობესება თანამშრომელთა წარმომადგენლებთან პროდუქტიულობის ზრდაზე ორიენტირებული შეთანხმებების მიღწევითა და ადმინისტრაციული ხარჯების შესამცირებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეძლო.
ოლანრევაჯუს განცხადებით, კიდევ ერთი გამოსავალი სუსტი ან გამოუყენებელი აქტივების რესტრუქტურიზაცია, გაყიდვა ან მათგან თავის დაღწევაა.