მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს

25 ნოე 2026

სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე.

მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.

მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს. მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის გამორჩეული ძეგლია.

იგი ნეოლითურთან ერთად შუა საუკუნეების კულტურულ ფენებსაც მოიცავს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.