25 ნოე 2026
უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების კონკრეტული ვადა ჩემთვის განსაზღვრული არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლებს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იანვრამდე სურთ, ტრამპმა გაიცინა და იკითხა: „ვინ თქვა ეს? რა სურს მას, რომ გავაკეთო?“
„კონფლიქტი იმიტომ გაჭიანურდა, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. მე ვადებში შეზღუდული არ ვარ. უბრალოდ, მინდა, ეს დასრულდეს. იცით, ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს. მოხარული ვიქნებოდი, რომ ყველაფერი დღესვე დასრულდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ზოგჯერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმებისთვის მზად ჩანს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი არა, ზოგჯერ კი, პირიქით ხდება.
„ზოგჯერ პუტინი ისე გამოიყურება, თითქოს მზად არის, ზელენსკი კი – არა. ზოგჯერ ზელენსკის ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა, მაგრამ პუტინი არ არის მზად. ეს იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი დღეა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ინტერვიუში ტრამპმა ირანთან ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის გასაგრძელებლად აშშ-ის დაფინანსება იანვრის ბოლომდე უზრუნველყოფილია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა კონგრესის დემოკრატები, რომლებიც კონფლიქტის შეჩერებით ემუქრებიან. ტრამპის განცხადებით, თუ დემოკრატები კონგრესში კონტროლს მოიპოვებენ და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მიაღწევენ, ეს აშშ-ის გამარჯვებას მარცხად აქცევს.
„ისინი სრულ გამარჯვებას წაიღებენ და მარცხად აქცევენ. მათი საზღვაო ფლოტი განადგურებულია, საჰაერო ძალები განადგურებულია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყველაფერი, მათი ლიდერებიც აღარ არიან. დემოკრატები ამას თუ გააკეთებენ, გამარჯვებას მარცხად აქცევენ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, არ იცის, როგორ შეძლებენ დემოკრატები ამას პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან, მისი შეფასებით, აშშ უკვე გამარჯვებულია.
„ჩვენ შეგვიძლია, ეს ომი ნებისმიერ დროს დავასრულოთ. იანვრის ბოლომდე, ფაქტობრივად, დაფინანსება გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.