საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

25 ნოე 2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ, მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ. ამ დოკუმენტების საფუძველზე, მათ 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს.

„ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ამასთან, მათზე შესაბამისი საბაჟო გადასახადები არ გადახდილა.

აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.