25 ნოე 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის: 64 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, 48 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“, ასევე, „კეტამინი“, „კოკაინი“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“ და 2 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.