უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევაში ადანაშაულებს

24 ნოე 2026

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევაში ადანაშაულებს.

Fox News Digital-თან ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა,, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა.

„გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მე მოვაწერე, გადაწყვეტილება კი მისი იყო. პრეზიდენტისთვის ხელბორკილების დადება არ არის საჭირო იმისთვის, რომ მას ხელები შეუკრა. საკმარისია, საფრთხე შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ეყრდნობა“, – განაცხადა კრავჩენკომ.

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, კრავჩენკოს ყველაზე სერიოზული ბრალდება მოვლენების შემდგომ განვითარებას უკავშირდება.

კვრავჩენკოს თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროკურორებს დაავალა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს (უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო) დირექტორის, სემენ კრივონოსის წინააღმდეგ.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გენერალურ პროკურატურას დაუწყო მითითებების მიცემა, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევას წარმოადგენს. დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება იქცევა შესაძლებლობად, რომლითაც შეგიძლია, განსაზღვრო სახელმწიფო პოლიტიკა და გეოპოლიტიკაც კი“, – აღნიშნა კრავჩენკომ.

კრავჩენკოს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ გასცა აღნიშნული მითითებები და Fox News Digital-ისთვის მიწოდებულ მასალებში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

კრავჩენკოს თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა სექტემბერში ჩატარებული გამოძიება, კოდური სახელწოდებით „კართაგენის ოპერაცია“. ამ ოპერაციის ფარგლებში NABU-მ და SAPO-მ გენერალურ პროკურატურასთან დაკავშირებული პირები დაადანაშაულეს თაღლითური ქოლცენტრების მფარველობასა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრების ხელშეწყობაში.

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, 8 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება თაღლითურ ქოლცენტრებზე იყო ფოკუსირებული. მათი თანამშრომლები ბანკების, პოლიციელებისა და საინვესტიციო მრჩევლების სახელით მოქალაქეებს ატყუებდნენ და უკრაინაში, რუსეთსა და ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს ფულს სძალავდნენ. NABU-ს განცხადებით, გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ საქმიანობას მფარველობდა და მიღებული შემოსავლების გათეთრებასაც უწყობდა ხელს.

როგორც „ფოქს ნიუსი“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, ცალკეული ქოლცენტრები მფარველობის სანაცვლოდ თვეში დაახლოებით 7 000 დოლარს იხდიდნენ. კრავჩენკო, რომელსაც აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალი არ წარდგენია, დანაშაულს უარყოფს და მის უწყებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ ეთანხმება. კრავჩენკოს თქმით, ოპერაციის მიზანი ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლების შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებული საგამოძიებო მასალების ხელში ჩაგდება და მისთვის ამ საქმეებზე მუშაობის გაგრძელებაში ხელის შეშლა იყო.

მისი თქმით, თავდაპირველად გადადგომაზე უარი თქვა, თუმცა პოზიცია 7 სექტემბერს, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა. კრავჩენკოს ინფორმაციით, შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დავით არახამიაც ესწრებოდა.

„პრეზიდენტს თქვენი გადადგომა როცა სურს და მის გვერდით ზის მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, რომელსაც უმრავლესობა ემორჩილება, დამიჯერეთ, გენერალურ პროკურორს მანევრირებისთვის უკიდურესად შეზღუდული სივრცე რჩება“, – განაცხადა კრავჩენკომ.

ზელენსკიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ კრავჩენკოს თანამდებობიდან წასვლა თავად მოსთხოვა.

„ამ გენერალური პროკურორისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ეს თანამდებობიდან გათავისუფლებაა. სწორედ ეს ვუთხარი მას“, – განაცხადა ზელენსკიმ 14 სექტემბერს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კრავჩენკო მის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ზეწოლად თუ მიიჩნევდა, შეეძლო, ასე შეეფასებინა.

პრეზიდენტმა რუსლან კრავჩენკო 14 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა, მომდევნო დღეს კი პარლამენტმა მისი გათავისუფლება დაამტკიცა.

დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს კრავჩენკომ განაცხადა, რომ კრივონოსის მიმართ ეჭვის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა. საქმე NABU-ს დირექტორის შესაძლო გადაცდომებს ეხებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, მის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო ჩადენილი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დადგენილების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. უწყების განცხადებით, კრივონოსს უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ეჭვის შესახებ ოფიციალურად არ ეცნობა, ხოლო გამოძიების რეესტრში შესაბამისი ჩანაწერები წაშლილი იყო. კრავჩენკოს თქმით, ეს ქმედებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას მოჰყვა. აღნიშნული ბრალდება დადასტურებული არ არის.

NABU-მ და SAPO-მ კრავჩენკოს უფრო ფართო ბრალდებები უარყვეს და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად შეაფასეს. 4 ნოემბრის განცხადებაში უწყებებმა აღნიშნეს, რომ ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში გამოვლინდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქსელი, რომელშიც სამართალდამცავი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ და თაღლითურ საქმიანობას მფარველობდნენ. აღნიშნული ბრალდებები სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის.

Fox News Digital-ის ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაციას კრავჩენკოს ბოლო ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.