24 ნოე 2026
საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მარნეულში ბრალდებული, რომელიც თაღლითობისთვის ნასამართლევია, დაზარალებულს შეჰპირდა, რომ ნაცნობების დახმარებით მისი შვილის აზერბაიჯანის ციხიდან 11 000 ლარის ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლებას შეძლებდა. მან დაზარალებულს ეს თანხა გამოართვა და მიისაკუთრა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სხვა დაზარალებულს სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების წაშლის პირობით თაღლითურად 5 900 ლარი გამოსძალა და მიისაკუთრა.
დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გულისხმობს თაღლითობას, ჩადენილს დიდი ოდენობით და არაერთგზის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.